4 ოქტომბრის შემდეგ შეცვლილი სტრატეგია და გაყოფილი პოზიციები სამოქმედო გეგმის გარშემო.
ოპოზიციური სპექტრი ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევას ისევ მთავარ ამოცანად აცხადებს, თუმცა მიზნამდე მისასვლელი გზა პოლიტიკურ აქტორებს სხვადასხვანაირად ესახებათ. გაძლიერებული საერთაშორისო წნეხი, ქუჩის პროტესტის გაგრძელება და ხელისუფლების დასანქცირება მთავარი დღის წესრიგია იმ ორი პოლიტიკური ძალისთვის, რომლებმაც საკრებულოს არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. „ლელოსთვის“ ახალი არჩევნებისთვის ბრძოლა საკრებულოს მანდატების გამოყენებაზეც გადის, ისევე როგორც გიორგი გახარიას გუნდისთვის, რომელმაც რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ პოლიტიკური ბრძოლისთვის საპარლამენტო მანდატების და ტრიბუნის გამოყენებაც გადაწყვიტა. ექსპრემიერის პარტიის 12 წევრი საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად ემზადება. ერთობის მიღწევა ოპოზიციის მთავარ გამოწვევად რჩება, ერთიანი საკონსულტაციო პლატფორმები ურთიერთბრალდებებმა ჩაანაცვლა, რაც 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის გეგმის ჩავარდნის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა.