ხვალინდელ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ ოპოზიცია, პრეზიდენტი და აქციის მონაწილეები. შესაბამისად, პროცესი საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართება. მსვლელობა დილის შვიდ საათზე ფილარმონიიდან დაიწყება. ცხრა საათიდან კი პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება. „ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატურა კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. მათი განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება. იგივე პოზიცია აქვს საქართველოს პრეზიდენტსაც. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ინაუგურაცია ვერ შედგება და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ისევ თავად იქნება. ცნობილია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს. ოპონენტების განცხადებებს სპეკულაციებს უწოდებენ მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ მიხელ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობის გარანტი იქნება. დაგეგმილი არჩევნებისა და მიმდინარე პროტესტი ფონზე როგორია ოპოზიციის სტრატეგია – თათია ტაბეშაძის რეპორტაჟი.