ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივა

ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების საკითხი აქტიურდება.

ინიციატორი ამჯერადაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობაა”. ყოფილი პრეზიდენტისადმი გიორგი ვაშაძის მიმართვის შემდეგ ჩნდება კითხვა, მოახერხებს თუ არა ამჯერად მაინც ოპოზიციური სპექტრი ერთიანი პლატფორმის შექმნას. მოწოდებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრებისკენ და საერთო პლატფორმის ფორმირებისკენ მოუწოდა. გამოხმაურება იგვიანებს დანარჩენი ოპოზიციური ძალების მხრიდანაც. გამონაკლისი გახარიას პარტიაა, რომელიც საკუთარ სტრატეგიას არ ცვლის და ოპოზიციის ერთობის თემას მხოლოდ თანამშრომლობის დონეზე განიხილავს. კარდინალური ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს პარტია „ახალი“. საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო ზეწოლის გარდა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ახალი არჩევნების მიღწევის გზა პარლამენტის სრულ ბოიკოტირებაზეც გადის. ამ მხრივ კითხვების და კრიტიკის მთავარი სამიზნე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდია, რომელიც პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, თუმცა, დანარჩენი სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტისგან გასხვავებით, მანდატების გაუქმებაზე განცხადებების დაწერას არ აპირებს.

49 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ გახარიას გუნდის მიმართ ოპოზიციის ტონი კიდევ უფრო გამწვავდა.