ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში პარტიების გაერთიანების საკითხი ისევ დაბრუნდა. ამჯერად მიზეზი მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივაა. ოპოზიციაში ამ თემაზე განსხვავებული პოზიციებია. როგორც თავად „ლელოს“ ლიდერები აცხადებენ, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა მნიშვნელოვანია, თუმცა მათივე განმარტებით, აღნიშნული ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანებას არ გულისხმობს. რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს- ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ერთობაზე მხოლოდ ზეპარტიულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობენ. თემას ეხმაურება მმართველ პარტიაც. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ერთობა მარცხისთვის არის განწირული.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს.