ოპოზიციის ერთობლივი განცხადება 

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს ერთობლივი განცხადებით ეხმაურება 23 ოპოზიციური პარტია.

განცხადების მიხედვით საქარველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით. ვიზიტი კი განხორციელდა იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას.

„პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა“, – წერია განცხადებაში. წერილის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის, ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა, –  ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აუცილებელია ყურადღების გამახვილება ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და ასევე დემოკრატიის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც ოპოზიციური პარტიების განცხადებით საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა.

განცხადებას ხელს არ აწერს პარტია „ერთიანი საქართველო“. საკითხზე პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე კომენტარს არ აკეთებს.

დატოვე კომენტარი