ოპოზიციის ძველი ახალი ალიანსი
ცხრა პოლიტიკური ძალის ერთობა და შეთანხმება ერთიან სამოქმედო სტრატეგიაზე – ბოლო თვეებში ოპოზიციის გაერთიანების საკითხის კიდევ ერთხელ გააქტიურება და შესაბამისი კონსულტაციები, ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილის ახალი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნით დასრულდა.
ახალ ალიანსში შედიან „ნაციონალური მოძრაობა,“ „სტრატეგია აღმაშენებელი,“ „კოალიცია ცვლილებისთვის,“ „ევროპული საქართველო,“ „ფედერალისტები,“ „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატები.“ შეთანხმება, რომელსაც ალიანსის წევრები აწერენ ხელს, ხელისუფლების ცვლილების ერთიან და კოორდინირებულ გეგმაზე თანხმობასთან ერთად, ქცევის ერთიან წესებსაც გულისხმობს. „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“ – ამ ლოზუნგით ახალი ალიანსი მთავარ მიზნად აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ასახელებს. ახალ ერთობას არ უერთდებიან „ლელო,“ „გირჩი“ და „გახარია საქართველოსთვის,“ რომლებსაც ბრძოლის დამოუკიდებელი სტრატეგიები აქვთ. ალიანსში გაწევრიანებული სუბიექტების მხრიდან მათი მისამართით კრიტიკა და ხელისუფლებასთან მოკავშირეობის ბრალდებები კიდევ უფრო მწვავდება. რეაქციები არანაკლებ მძიმეა ადრესატების მხრიდან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას წითელ ხაზად აცხადებენ. სამაგიეროდ კმაყოფილია ყოფილი მმართველი პარტიის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, რომელსაც ახალი ალიანსის ცალკეული წევრები ცოტა ხნის წინაც კი მძიმე ეპითეტებით მოიხსენიებდნენ.
გარდაიქმნება თუ არა ალიანსი ერთ პოლიტიკურ გაერთიანებად – თამუნა წიკლაური ახალი პლატფორმის შესახებ.