ოპოზიციის დაანონსებული აქცია - შეფასებები

ძალების მობილიზებისა და რაოდენობის ტესტი – ეს მიზანი აქვს განსაზღვრული ოპოზიციურ ალიანსს 26 მაისს დაანონსებული აქციისთვის. როგორც ალიანსის წევრი პარტიები ამბობენ, სწორედ ამას ემსახურება კარდაკარიც და ის შეხვედრებიც, რომელიც რეგიონებში გამართეს. მათი თქმით, 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ იმ მოთხოვნებზე, რომელიც აქვთ.

უკვე ცნობილია, რომ აქციას არ შეურთდება „გახარია – საქართველოსთვის“ პარტია, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ მათ და პარტია „ლელოს“ ნიკა გვარამიამ ალიანსთან გაერთიანებაც შესთავაზა. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია, ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა და, მეორეს მხრივ, დამოუკიდებლობის დღეს მსგავსი ტიპის აქციის ჩანიშვნა. ალიანსის მიერ დაანონსებულ აქციის აზრს ვერ ხედავენ პარტია „გირჩში“. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ალიანსსა და მათ გეგმებს წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებენ.