ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის გეგმები

ოპოზიციამ ყოფილ პრეზიდენტთან კონსულტაციები განაახლა.

სალომე ზურაბიშვილის ოფისში დღეს ხუთი ოპოზიციური სუბიექტის წარმომადგენლები მივიდნენ. განხილვის მთავარი თემა ახალი არჩევნების მიღწევის გზები იყო. საპროტესტო გამოსვლები, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კოორდინაცია და სასანქციო პოლიტიკის გამკაცრება – ამ გზებით ესახებათ ოპოზიციონერ ლიდერებს ექს-პრეზიდენტთან ერთად ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება. გადაწყდა საკოორდინაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის იმუშავებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, სიაში იქნებიან პროკურორები და მოსამართლეებიც. ხელისუფლების ოპონენტები სასანქციო პოლიტიკის გამკაცრების პროცესში მთავარ მაკოორდინირებელ პირად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ.