ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი

ჩრდილოვანი კაბინეტი ექვსი ოპოზიციური პარტიით წარდგენილია.

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნიკა მელია მეორე ტურში გაიმარჯვებს და თბილისის მერი გახდება, მისი მოადგილეები იქნებიან მამუკა ხაზარაძე, ირაკლი აბესაძე, ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე. ამავე პარტიების წევრებმა გადაინაწილეს გამგებლების და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების პოსტებიც. გასხვავებული ხედვების მქონე პარტიებით წარმოდგენილ კოალიციურ კაბინეტში ორი ადგილი ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებსაც ერგოთ, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციის რიგებშიც. გუშინდელი პრეზენტაციის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი ახალ პოლიტიკურ რეალობაზე და მელიას გამარჯვების მკვეთრად გაზრდილ შანსებზე საუბრობს. ასე არ ფიქრობს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მათ შორის გიორგი გახარიას პარტია, რომლის ხმებს მეორე ტურში დიდი მნიშვნელობა ექნება. კოალიციის იდეის და ჩრდილოვანი კაბინეტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსები იმ გარემოებაზე აკეთებენ აქცენტს, რომ კოალიციაში მყოფთა უმეტესობა წლების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.