ოპოზიციის ჩაშლილი გეგმა

გუშინდელი აქციის შემდეგ ოპოზიცია საკუთარი ელექტორატის მწვავე კრიტიკის სამიზნედაა ქცეული.

ამომრჩევლები ოპოზიციონერ აქტორებს სამოქმედო სტრატეგიის არქონის და ბოლოდროინდელი ქმედებების გამო აკრიტიკებენ. მანამდე გამოთქმულმა ცალკეულმა პრეტენზიებმა და საყვედურებმა პიკს გუშინ მიაღწია, როცა არაერთი დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციონერმა ლიდერებმა მათ მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული პარლამენტის პირველი შეკრების ხელშეშლის დაპირება ვერ შეასრულეს – საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა შედგა, შენობის გარეთ მიმდინარე აქცია კი არ აღმოჩნდა ისეთი მასშტაბის, როგორც დაანონსებული იყო. რამ გამოიწვია ასეთი პოლიტიკური სურათი არჩევნებიდან ერთი თვის თავზე – ოპოზიციონერი აქტორები ახლა მიზეზების ძებნის და განმარტებების რეჟიმში არიან. ნაწილი საკუთარ შეცდომებს და ელექტორატთან არასაკმარის კომუნიკაციას აღიარებს. ნაწილი პასუხისმგებლობის ხალხზე გადანაწილებას ცდილობს. გუშინდელი გამოსვლის შინაარსის გათვალისწინებით ოპოზიციის ქმედებებით უკმაყოფილოა მასთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი პრეზიდენტი, რომელიც ამჯერად აქცენტს ახალ თაობაზე და ახალ პოლიტიკურ ძალებზე აკეთებს.