ოპოზიციის ბოიკოტის პოლიტიკური შედეგები - შალვა პაპუაშვილის წერილი 

აღმოჩნდა თუ არა ოპოზიციის ტაქტიკა სწორი: პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების და მანდატებზე უარის თემა პოლიტიკურ დღის წესრიგში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ვრცელმა წერილმა გაააქტიურა. შალვა პაპუაშვილის მთავარმა აქცენტებმა და შეფასებებმა პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. რეფერენდუმად გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლების შესაცვლელად ღია ჩარევა უცხოეთიდან, პოლარიზაციის ხელოვნურად გაზრდა, შანტაჟი, მუქარა – ასეთია პარლამენტის სპიკერის მთავარი გზავნილები წერილში, სადაც ის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე პერიოდს აჯამებს და ოპოზიციური ძალების მხრიდან პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილებას უცხოელი პარტნიორების დავალებად აცხადებს. ფაქტია, რომ არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ არსებულ ვითარებას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად წარმოადგენს. ოპონენტები პარლამენტს ერთპარტიულ და არალეგიტიმურ ინსტიტუციად, ქვეყანას კი საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულად მიიჩნევენ, პასუხად ხელისუფლება ოპოზიციურ ძალებს ჩავარდნილ გეგმაზე მიუთითებს.