ოპოზიციის არშემდგარი ბოიკოტი 

არშემდგარი საპარლამენტო ბოიკოტი.

საპარლამენტო არჩევნებიდან წელიწადნახევრის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია თითქმის მთელი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ერთადერთი მანდატის მიღებას დათანხმდა „ლეიბორისტების“ ლიდერიც, რომელიც დღემდე ბოიკოტის რეჟიმში იყო და პარლამენტში შესვლის გამო დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მწვავე კრიტიკას არ აკლებდა. შალვა ნათელაშვილი დღემდე გაკეთებულ განცხადებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილების ახსნას გამოკითხვის შედეგებით და საკუთარი ამომრჩევლების მოთხოვნით ცდილობს, მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ „ლეიბორისტების“ თავმჯდომარის პოზიცია საბიუჯეტო დაფინანსების დაკარგვის საფრთხემ შეცვალა. თუმცა, ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდეს. სამშაბათს გაირკვევა, დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებას მხარს და შეუწყვეტს თუ არა ოთხ დეპუტატს, მათ შორის ნათელაშვილს, მანდატს ვადაზე ადრე.