ოპოზიციის აქცია - გამოხმაურება

გვიან ღამით დასრულდა აქცია რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან მსვლელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მივიდნენ. „მხოლოდ თავისუფალი არჩევნები – უარი რუსულ სპეცოპერაციას“- ამ ლოზუნგით შეკრებილებმა ახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები იყვნენ. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

გუშინდელ აქციაზე არ იმყოფებოდნენ გახარია საქართველოსა და „ლელოს“ წევრები. ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ ამის მიზეზი აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა იყო, რომელიც ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს გულისხმობს.