ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მომზადებულმა ალტერნატიულმა კანონპროექტმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. კანონპროექტზე სახელწოდებით – „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ დეპუტატებმა სამი კომიტეტის – ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. კანონპროექტი ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა. დოკუმენტი ოლიგარქთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, სადაც კონკრეტული პირი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდება, თუმცა შესაბამისი ცვლილებების მიღებამდე, პირის ოლიგარქად აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოდ პარლამენტი განისაზღვრება. ოპონენტების პროექტი არ მოსწონთ მმართველ პარტიაში.