ორთვიანი სამზადისის შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს მოწყობილი საპროტესტო შეკრება დედაქალაქის ცენტრში – მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე, სიტყვით გამოსვლები და პროტესტის ახალ საფეხურზე გადაყვანის დაანონსება – ასეთი იყო ოპოზიციური ალიანსის 26 მაისი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად.
ცხრა პოლიტიკური ძალისგან შემდგარი ერთობის ლიდერთა დიდი ნაწილი შეკრების მასშტაბით კმაყოფილია და ახალ კამპანიას იწყებს სლოგანით „საქართველო იმსახურებს უკეთესს“, რაც მოქალაქეებთან შეხვედრებს და აქციებს გულისხმობს. ლიდერები რაოდენობის ტესტს ჩაბარებულად აცხადებენ, თუმცა უკმაყოფილოა ალიანსის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, რომელმაც პასუხები ვერ მიიღო მისთვის მთავარ კითხვებზე – რა არის შემდეგი ნაბიჯები და როგორ ამარცხებენ ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილი, რომლის საჯარო კრიტიკამ და პრეტენზიებმა ორი თვის წინ შექმნილ ალიანსში შიდა დაპირისპირება გამოიწვია, გუშინ გამოცხადებულ გეგმას უაზრობად და არასაკმარისად მიიჩნევს. კედლების განგრევა რევოლუციური მანქანით და მაღალი სიჩქარით – ასეთია ექს-პრეზიდენტის გზავნილი, რომელმაც თანაგუნდელებს დასაწყისშივე უთხრა, რომ ქართული გზა რევოლუციაზე გადის.
ვის რა დაანახა გუშინდელმა დღემ – სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.