ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ჯერ უცნობია, დაუჭერენ თუ არა მხარს მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატები ინიციატივას, რომელმაც 20 ოპოზიციური პარტია გააერთიანა.

საარჩევნო სისტემის შეცვლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მიზნით ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 200 000 ხელმოწერა სჭირდება, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მილიონი ხმის მოპოვების პირობას დებენ და მოთხოვნის შესასრულებლად საკანონმდებლო პროცედურების პარალელურად აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.

კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გადახედვას არ აპირებს „ქართული ოცნება,“ რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად მმართველი პარტია ოპონენტებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პერიოდს ახსენებს.