ოპოზიცია სტრატეგიის ძიებაში

21:30, 15.04.2026

გამარჯვების ახალი ფორმულა და შეცვლილი სტრატეგია – ქართულ ოპოზიციას უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა, ორბანის მარცხმა და ოპოზიციის ლიდერის გამარჯვებამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ახალი ტაქტიკის განსაზღვრისკენ უბიძგა.

რელიგიისა და ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემის უფრო მეტად დემონსტრირება და მოსახლეობის დარწმუნება, რომ ურწმუნოები არ არიან – ასეთი გზავნილები იკითხებოდა ყოფილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაში. პიტერ მაგიარის საარჩევნო კამპანიასთან პარალელების გავლების დროს ახსენეს ეროვნული სამოსის გამოყენების საჭიროებაც. ჯერ უცნობია, რელიგიაზე და ტრადიციულ ფასეულობებზე აქცენტი იკითხება თუ არა იმ ახლად შექმნილი ოპოზიციური ალიანსის სამოქმედო სტრატეგიაში, რომლის წევრი სხვა რვა პოლიტიკურ ძალასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ არის. ალიანსის წევრები ამბობენ, რომ უნგრეთის გამარჯვებული ოპოზიციონერი ლიდერის მიდგომები ალიანსის სტრატეგიულ შეთანხმებაში გაწერილია. შეთანხმება კი არჩევნებამდე ხელისუფლების მარცხს და ოპოზიციის მხრიდან დიდი უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს. ახალ სტრატეგიაზე საუბრის პასუხად ალიანსის წევრებს არცთუ შორეულ წარსულში დაშვებულ შეცდომებს და არასწორ ნაბიჯებს ახსენებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანებას დამოუკიდებელი გეგმებით მოქმედება არჩიეს. პარტიებს, რომლებიც ამ დრომდე არჩევნების ბოიკოტირების რეჟიმში არიან, მიუთითებენ, რომ მაგიარმა არჩევნებით მოიგო.

ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან რელიგიის თემის ხსენებას გაცილებით მძაფრი რეაქციები მოჰყვა მმართველი პარტიის მხრიდან.

უნგრული მაგალითი, როგორც გამარჯვების მიღწევის ახალი ინსპირაცია ქართული ოპოზიციისთვის – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.

მსგავსი