ოპოზიცია ოპოზიციას ავანტიურასა და რუსულ სპეცოპერაციაში ადანაშაულებს 

მაშინ, როდესაც პროკურატურა ოპოზიციის ლიდერებს მძიმე ბრალდებებს უყენებს, არანაკლებ მძიმეა შიდა ოპოზიციური ურთიერთბრალდებები. მათ შორის ამ დრომდე უარყოფითი შეფასებების და მწვავე კრიტიკის მიზეზია 4 ოქტომბრის   მშვიდობიანი დამხობის გეგმა და აქციიდან გაჟღერებული მოწოდებები პრეზიდენტის სასახლის აღების თაობაზე. განსაკუთრებით მწვავეა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებები. ალეკო ელისაშვილი ვერშემდგარი რევოლუციის ავტორებს და არჩევნების ბოიკოტის მომხრეებს ავანტიურაში და შემოგდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. პოზიციას იზიარებს გახარიას გუნდიც. ექსპრემიერის პარტია, როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს შეცდომად აცხადებს. ხაზარაძისა და გახარიას პარტიებისგან განსხვავებით, რუსულ სპეცოპერაციად სწორედ   არჩევნებს მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“ და კრიტიკული განცხადებების ავტორებს პროტესტის დაზიანების მცდელობაში ამხელს. ვიდრე ოპოზიციაში წარუმატებლობის ავტორი გამოიკვეთება, მმართველი გუნდი ყველა მათგანს გარე დავალებების შემსრულებლად აცხადებს.