ოპოზიცია ექვს მილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ 

საქართველოში დაანონსებულ უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციას ოპოზიციონერი ლიდერი ჩაშლით ემუქრება.

„ლელო“ იმ ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც მთავრობამ „ემაარ ჯგუფთან“ გააფორმა. საუბარია არაბთა გაერთიანებული საამიროების ცნობილ დეველოპერულ კომპანიაზე, რომელიც ქვეყანაში ექვს მილიარდიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. პოლიტიკური პარტია კრწანისში და გონიოში დაგეგმილ პროექტებს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს და აინტერესებს, როგორ დადგინდა თბილისში გამოყოფილი იმ მიწის ფასი, რომელზედაც მწვანე ქალაქის გაშენება იგეგმება და რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა პროექტების შედეგად. ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულ მამუკა ხაზარაძეს მმართველი გუნდი ანაკლიის პორტის გარშემო ხელშეკრულებით ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებას ახსენებს. ოპოზიციური ძალის ლიდერი ქსენოფობიური კამპანიის წარმოებაშიც დაადანაშაულეს. „ემაარ ჯგუფი“, რომელიც მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში ოპერირებს, საქართველოში საქმიანობას უკვე შეუდგა. მასშტაბური დეველოპერული პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების დაწყება მომავალი წლისთვის დაანონსდა.