ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონს აღარ მოამზადებს

ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ალტერნატიული სამუშაო ჯგუფის მუშაობა ფინალურ ეტაპზეა.

ხელისუფლების სამუშაო ფორმატებს გამიჯნულმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ არასამთავრობო სექტორთან პოზიციები შეაჯერა და ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ევროკომისიის რეკომენდაციების აღსასრულებლად მათ მიერ შემუშავებული ალტერნატიული ხედვის წარმოდგენა სამშაბათს არის დაანონსებული, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მათ შორის არ იქნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომლის დარეგისტრირება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სამოქალაქო სექტორის რჩევით გადაიფიქრეს. უკვე ცნობილია, რომ არც ერთ ალტერნატიულ საკანონმდებლო ინიციატივას მმართველი პარტიის მხარდაჭერა არ ექნება. ფაქტია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მოწოდების მიუხედავად, ევროკომისიის 12 პუნქტის გარშემო ხელისუფლების და ოპოზიციის გაერთიანება და ინკლუზიური პროცესის წარმართვა ვერ მოხერხდა და დეპოლარიზაციის ნაცვლად რეკომენდაციების შესასრულებლად ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს.