ოპოზიცია ბოიკოტის ერთიან სტრატეგიაზე ვერ თანხმდება

საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის ტაქტიკა არაერთგვაროვანი აღმოჩნდა.

ოპოზიცია ბოიკოტის ერთიან სტრატეგიაზე ვერ თანხმდება. წინასწარი განცხადებების ფონზე ერთმანეთის მისამართით ეჭვები და ირიბი კრიტიკაც მძაფრდება. მთავარი სამიზნე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდია. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, რომელიც დანარჩენ ოპოზიციონერ სუბიექტებთან ერთად აქციებზე და შეხვედრებზე არასდროს ჩნდება, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, თუმცა მანდატებზე უარის თქმას ჯერ არ აპირებს. ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერის პარტიას ბოიკოტის თემაზე საკუთარი დღის წესრიგი აქვს და ამ სტრატეგიის შეთანხმებას არ აპირებს დანარჩენ ოპოზიციასთან, რომლის ნაწილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისკენ ცესკო-ს ჯერ კიდევ პარლამენტის შეკრებამდე მოუწოდა. ეს მაშინ, როცა მანდატზე უარის თქმის უფლება დეპუტატს მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ აქვს. 2020 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შეკრების შემდეგ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ოპოზიციიდან არცერთი განცხადება არ შევა.