ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსებაში ცვლილებები იგეგმება

„ავერსი“, „პეესპე“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“ და „მერმისი“ – მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს სოლიდური ჯარიმები ემუქრებათ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიურ და ქრონიკული დაავადებების წამლებზე ფასების ხელოვნურად ზრდა დადასტურდება.

კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა უკვე დაიწყო. მარეგულირებელ უწყებას დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და ე.წ. კარტერული შეთანხმებების ეჭვი აქვს. საუბარია ბოლო პერიოდში ორჯერ და სამჯერ გაძვირებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რომლებზეც ზღვრული ანუ რეფერენტული ფასები არ არის დაწესებული. ფარმაცევტული კომპანიები ბრალდებებს უარყოფენ და ცალკეულ წამლებზე ფასების ერთდროულად მატებას მათი დროებითი გაიაფების შემდეგ ძველი ღირებულების დაბრუნებით ხსნიან. მკაცრი რეაგირების დაანონსების პასუხად ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებენ.