ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებები
მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროში ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, განხილვის თემა იყო კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და თანამედროვე სამკურნალო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. სხდომაზე ასევე დაისვა საკითხი იმის შესახებ, როგორ უნდა გაიზარდოს სკრინინგში მოსახლეობის ჩართულობა. სპეციალისტების თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების როლის გაძლიერება, რათა მოქალაქეების ინფორმირებულობა ამაღლდეს. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, კიბოს ადრეული ნიშნების შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით, პაციენტთა ორგანიზაციებს ტრენინგები ჩაუტარდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში საქართველო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების მსოფლიო კამპანიას უერთდება, რომელიც „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელწოდებითაა ცნობილი.