უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ახლა ინტენსიური ბრძოლა მარიუპოლის ცენტრში მიმდინარეობს. ქალაქიდან 5 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. პარალელურად, დაიბომბა ხერსონი და რუსულმა მხარემ იერიში ნიკოლაევზე მიიტანა, სადაც 45-მდე ადამიანია დაღუპული.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ჩერნობაევკაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი, ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკოლაევსა და სუმში უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტების წინააღმდეგ წინ მიიწევენ და მათ ქალაქების ოკუპაციის საშუალებას არ აძლევენ. კიევის ჩრდილოეთ ნაწილში კი უკრაინის ჯარმა რუსული კოლონა გაანადგურა.
შექმნილი ვითარების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. „უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამშვიდობო და უსაფრთხოების მოლაპარაკებები – რუსეთისთვის ერთადერთი შანსია, თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი შეამსუბუქოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სხვადასხვა საქონლის შეტანის გასამარტივებლად, საბაჟო გადასახადი გააუქმა. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ომის დროს სახლი და სამუშაო ადგილი დაკარგა, ფინანსური დახმარება და საცხოვრებელი ფართი გამოეყოფა; ხოლო ისინი, ვინც დევნილები შეიფარეს, კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან.