ომის მე-16 დღე უკრაინაში

ომის მე-16 დღე უკრაინაში. ოკუპანტები დედაქალაქის ბლოკირებას ცდილობენ. რუსი სამხედროები კიევს კიდევ 5 კილომეტრით  მიუახლოვდნენ. მტრის მოგერიებას ცდილობენ უკრაინელები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  მტერი ცდილობს დაკავებულ ტერიტორიებზე გამაგრებას, ჯარების გადაჯგუფებას, საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას, რაკეტების, საბრძოლო მასალის და საწვავის მარაგის შევსებას. პირველად დაიბომბა ლუცკი და დნიპრო. აღნიშნულ ქალაქებზე სამი ავიაიერიში განხორციელდა. დნიპროში ერთი ჭურვი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია ერთი ადამიანი. რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვში, ბირთვული კვლევის ინსტიტუტიც დაბომბეს, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ლუცკსა და ივანო-ფრანკოვსკში სამხედრო აეროდრომებიც დაბომბეს. უკრაინული მხარის ცნობით, დღეს რამდენიმე მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნები ამოქმედდება.