„ომიკრონის“ გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელი

„ომიკრონი“ თბილისში პრაქტიკულად დომინანტი შტამია. დედაქალაქში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80% უკვე სამხრეთ აფრიკულ ახალ ვარიანტზე მოდის. ორი დღის წინ დაფიქსირებული ანტირეკორდი დღესაც განმეორდა – „კოვიდ-19“ ბოლო 24 საათში კიდევ 9 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური სურათი თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, დღიური სტატისტიკა კიდევ უფრო დამძიმდება, თებერვლის დასაწყისში კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველაზე მძიმე სცენარს, ანუ დღიურად 15-დან 20 000-მდე ინფიცირებულის გამოვლენას ელოდება. უხეშად დარღვეული კოვიდრეგულაციების, კონტროლის მექანიზმების თითქმის არარსებობისა და დაბალი ვაქცინაციის ფონზე, ქვეყანა პანდემიის მეექვსე ტალღის ყველაზე რთულ ფაზაში შედის.