„ომიკრონის“ გავრცელების საფრთხე

კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები ყოველდღე იკლებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა, მაღალ ნიშნულზეა გარდაცვლილთა რაოდენობა. დღეში კორონავირუსით საშუალოდ 70 ადამიანი იღუპება. შაბათ-კვირას მკვეთრად არ გაზრდილა „ომიკრონის“ ახალი შემთხვევები. სწორედ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაასახელა საქმიანობის შეჯამების დროს პანდემიის მართვის მთავარ გამოწვევად უკვე გადამდგარმა მინისტრმა. საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია ტიკარაძის იმ განცხადებამ, რომლის მიხედვით კლინიკების ნაწილში გარდაცვალების მკვეთრად მაღალი მონაცემები არა კორონას, არამედ ინფექციის არასათანადოდ კონტროლს და არაკეთილსინდისიერებას უკავშირდება. გადამდგარ მინისტრს კონკრეტული საავადმყოფოები არ დაუსახელებია, მსხვილი კოვიდ-კლინიკები თავს ამ განცხადების ადრესატად არ მიიჩნევენ. ცნობილია, რომ მაღალი სიკვდილიანობის მიზეზების დასადგენად ჯერ კიდევ ზაფხულიდან სამინისტრომ კლინიკების მონიტორინგი დაიწყო, თუმცა კვლევის შედეგები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.