ომი უკრაინაში - საქართველოს პოლიტიკა

სამი წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან და რეზოლუციის ორი ვერსია გაეროში – ამერიკული დელეგაციის ავტორობით წარდგენილმა და საქართველოს თანასპონსორობით მომზადებულმა პროექტმა არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ წრეებში.

პროექტში აქცენტი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზეა გაკეთებული და რუსეთის მიმართ კონკრეტულ მოთხოვნებს არ მოიცავს. რუსეთი აგრესორად არის მოხსენიებული და უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოწოდებაა ხაზგასმული უკრაინის მიერ წარდგენილ და ევროკავშირისგან მხარდაჭერილ რეზოლუციაში. საბოლოდ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ორივე პროექტს უყარეს კენჭი და მიიღეს. თუმცა საქართველოს თანასპონსორობით ამერიკული დელეგაციის მიერ მომზადებულ ვერსიაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. გაერო-ში გამართული კენჭისყრა ოპონენტებმა საქართველოს ხელისუფლების მორიგი კრიტიკისთვის გამოიყენეს. ოპოზიცია უკრაინის მიმართ მმართველი გუნდის საერთაშორისო პოზიციონირებას არასაკმარისად მიიჩნევს და „ქართული ოცნების“ ნაბიჯებში რუსეთისთვის სასარგებლო გზავნილებს კითხულობს. იყო თუ არა სწორი რუსეთისთვის სანქციების არ დაწესებაზე და ომის თავიდან აცილების აუცილებლობაზე ოფიციალური თბილისის განცხადებები, რაც უკვე დღეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვასთან თანხვედრაშია – ომის დაწყებიდან მეორე დღეს ქვეყნის მაშინდელი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემად კიდევ ერთხელ იქცა.