ომი უკრაინაში - სანქციები და მოლაპარაკებების პერსპექტივა 

შეხვდებიან თუ არა ტრამპი და პუტინი ერთმანეთს – ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან აუდიენციის გაუქმებულად გამოცხადების მიუხედავად, როგორც ჩანს, შეხვედრის გამართვის ალბათობა მაინც არსებობს, რაზედაც თეთრი სახლის პრესსპიკერის ბოლო განცხადებაც მიუთითებს. ვაშინგტონს რუსეთის მიმართ გამკაცრებული რიტორიკის ფონზე მოსკოვზე ზემოქმედების ბერკეტებიც ამოქმედებული აქვს – აშშ-ს იმედი აქვს, რომ სანქციებზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდამდე მიიყვანს. ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ითხოვს ევროპა და უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ფინანსური და სამხედრო დახმარების მისაღებად მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთშია. დაგეგმილია „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა, სადაც მთავარი თემა სწორედ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაა.