იქნება თუ არა უკრაინის ომის დასასრულებლად ტრამპის ძალისხმევა წარმატებული – თეთრ სახლში გამართული შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიღო. მოლაპარაკებების შემდეგ ემანუელ მაკრონმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების უახლოეს კვირებში დასრულება არ გამორიცხა. ანალოგიურ პროგნოზს აკეთებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. მოლაპარაკებების პარალელურად გაერო-ს უშიშროების საბჭომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი აგრესორად არ არის მოხსენიებული. დოკუმენტს აშშ-სთან და ჩინეთთან ერთად რუსეთმაც დაუჭირა მხარი.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ უკრაინასთან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. თავის მხრივ მოსკოვი მზადყოფნას აცხადებს, რომ ვაშინგტონს რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არსებულ მინერალებზე წვდომა გაეხსნას.