თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე ერთი თვე რჩება.
არჩეული პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები უსაფრთხოების, ვაჭრობის, ჩინეთთან ურთიერთობისა და კიდევ სხვა უამრავ სფეროში ვაშინგტონის პოზიციების შესაძლო ცვლილებებს ელოდებიან. განსაკუთრებული ინტერესი უკრაინის ომის საკითხზეა. მთავარი კითხვაა, როგორი იქნება ახალი პრეზიდენტის მიდგომა და პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომზე. დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ კონფლიქტის 24 საათში დასრულების პირობას დებდა. ახლა კი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ მისი ადმინისტრაცია ევროპისგან მეტ აქტიურობას და ლიდერობას მოელის უკრაინის თავდაცვისა და პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებაში. თავის მხრივ ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დაარწმუნონ, რომ უკრაინის პოზიციები სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისას ძლიერი უნდა იყოს.