ომი უკრაინაში და ევროპის ენერგოპოლიტიკა

რუსეთი უკრაინას ე. წ. თურქული ნაკადის ერთ-ერთ ქვესადგურზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს.

საუბარია კრასნოდარის მხარეში მდებარე ქვესადგურზე, რომელიც ამ მილსადენით ევროპაში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. კრემლიდან ბრალდება მაშინ გაისმა, როდესაც უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების შემდეგ ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან კიევის მიმართ პრეტენზიები სულ უფრო გახშირდა. იგულისხმება სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერების განცხადებები. რთული ვითარებაა ნავთობის ბაზარზეც. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების გამო შავ ოქროზე ფასები გაიზარდა. ამ ფონზე ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოდიან ინიციატივით, რომ რუსული ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი კიდევ უფრო დაიწიოს. შვედეთს ბალტიის ზღვაში არსებული მდგომარეობაც აშფოთებს, სადაც ინფრასტრუქტურაზე მიმართული საბოტაჟის ფაქტები გახშირდა.