ომი უკრაინაში - 78-ე დღე

რუსეთი ხარკოვიდან სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს, რათა მძიმე დანაკარგების შემდეგ ძალები შეავსოს – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება ავრცელებს და იუწყება, რომ როტაციის შემდეგ, სავარაუდოდ, მდინარე სევერსკი დონეცკის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგდებიან, შექმნიან ბლოკირებულ ძალას, რათა დაიცვან მთავარი რუსული ძალების კონცენტრაციის დასავლეთ ფლანგი. ამ დროისთვის, უკრაინული ძალები ხარკოვის ჩრდილოეთით კონტრშეტევებს აგრძელებენ. გარდა ამისა, საჰაერო განგაშის ხმა ისმის დილიდან უკრაინის სხვადასხვა ოლქში. ვრცელდება ცნობები, რომ რუსული მხარე მთელ ქვეყანაში მასშტაბური სარაკეტო იერიშების დაწყებას გეგმავს. ხარკოვის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაიბომბა პოლტავის რაიონიც. აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევშიც. გასული ღამის განმავლობაში, 26-ჯერ დაბომბეს ლუგანსკის ოლქში მდებარე დასახლებები. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა ქალაქ რუბეჟნოეზე სრული კონტროლის მოპოვებაზეა მიმართული. სადაც ოკუპანტებს მცირედი წინსვლა აქვთ. მათივე ცნობით, რუსული ძალები ასევე ცდილობენ იერიში მიიტანონ ლიმანის დასახლებაზე.

გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე, 3500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.