ომის 31-ე დღე – ხარკოვის ოლქში უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და უკვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა მალა როგანის მიმართულებით. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ იცავენ საკუთარ პოზიციებს, არამედ საპასუხო შეტევებსაც ახორციელებენ. მალა როგანის გარდა, აქტიური ბრძოლები გრძელდება იზიუმის მიმართულებითაც, სადაც უკრაინის არმიას თავდაცვითი პოზიციები აქვს დაკავებული. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხარკოვს 24-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ამასთან, სინეგუბოვის თქმით, მართალია, იყო ბევრი დანაკარგი, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქის დაცვას განაგრძობენ და უკან არცერთი მეტრით იხევენ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, მანამდე დედაქალაქსა და მის რეგიონში დღის განმავლობაში დაგეგმილი „კომენდანტის საათი“ 27 მარტს აღარ ამოქმედდება და იქნება მხოლოდ ღამით. მანამდე უკრაინის გენერალურ შტაბში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპანტები კიევში დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მოქმედების გააქტიურებას ცდილობენ, მათი მიზანი დესტაბილიზაციის, ასევე სახელმწიფო და სამხედრო ადმინისტრაციის სისტემის მოშლა იყო. არსებული ცნობებით, რუსეთის ძალების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი, იური ფომიჩევი გათავისუფლებულია. მანამდე, კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პავლიუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები დედაქალაქის ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ, დაიკავეს ადგილობრივი საავადმყოფო და გაიტაცეს ქალაქის მერი. ამის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ოკუპანტების არმიის მაღალი ხარისხის პერსონალით დაკომპლექტების პრობლემის გამწვავებას პროგნოზირებს. მათივე თქმით, შეიმჩნევა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მკვეთრი კლების ტენდენცია.