ომი სირიაში

სირიელი აჯანყებულები აცხადებენ, რომ დამასკოში შევიდნენ. მათივე ცნობით, ბაშარ ასადმა დედაქალაქი დატოვა. სოციალურ ქსელებში სირიის დედაქალაქის ცენტრში გადაღებული ზეიმის კადრები ვრცელდება. როგორც სააგენტო „როიტერი“ ორ სირიელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა და თვითმფრინავით დაუდგენელი მიმართულებით გაემგზავრა. დამასკომდე, ამბოხებულებმა ქალაქ ჰომსის დაკავების შესახებ განაცხადეს. „ეს არის ბნელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი“, – აცხადებენ აჯანყებულთა ძალები. ისლამისტური დაჯგუფების განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილი პრემიერის მართვის ქვეშ დარჩება მათ ოფიციალურ გადაბარებამდე. პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს ხალხის მიერ არჩეულ ახალ ხელმძღვანელობასთან. ამასთან, აჯანყებულები აცხადებენ, რომ მათ გაათავისუფლეს პატიმრები დამასკოს უმსხვილესი ციხიდან, სადაც გავრცელებული ცნობებით, ათასობით ოპოზიციონერი იყო დაკავებული და ნაწამები. აჯანყებულთა დაჯგუფებამ პატიმრების გათავისუფლების შესახებ ტელეგრამ არხში გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სირიაში „უსამართლობის ერა დასრულდა“.

ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა. მანამდე, 1971 წლიდან ქვეყნის სათავეში მამამისი ჰაფეზ ასადი იყო.