„ომეგა ჯგუფის“ საქმე

ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებს უყენებს.

ლონდონში მყოფი ზაზა ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს წართმეული ბიზნესის და ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ მას ქრთამის სახით 4 მილიონ ლარს სთხოვდნენ.

ქრთამის მოთხოვნაში ბიზნესმენი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და იმ პირებსაც ასახელებს, რომლებიც, მისივე თქმით, თანხის მიღების მიზნით ზეწოლას ახდენდნენ.

„რუსთავი ორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილის ბრალდებების ადრესატი გახდა ქვეყნის ორი წამყვანი ბანკიც. მმართველი გუნდი „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის განცხადებებს იმ სოლიდურ დავალიანებას უკავშირებს, რომელიც „ომეგა ჯგუფს“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახადების გადაუხდელობის გამო დაუგროვდა.