„ომეგა ჯგუფის“ საქმე

სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოს საგანგებო მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე საქართველოს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, – ამის შესახებ განცხადება დღეს „ომეგა ჯგუფში“ გაკეთდა.

იურისტების განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა 22 მარტს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ქართული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულიყო. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მხარეს დაეკისრა საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ.