„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელის ინტერვიუ

აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი „რუსთავი 2-ს“ ლონდონიდან ერთვება და ბიზნესზე განხორციელებულ რეკეტზე საუბრობს.

ამ ინტერვიუში ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ უჩა მამაცაშვილის, ირაკლი ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება არსებობს,  მათ შორის არის ფოტო და აუდიომასალები.  მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ მან სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა როგორც ამბობს, მისი საქმიანობის სუსტი მხარეები მაშინდელმა ბიზნესომბუდსმენმა და ყოფილმა პროკურორმა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიყენეს.

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი ფარცხალაძისა და გახარიას დახმარებით მისგან ბიზნესის შენარჩუნების ხარჯზე ე.წ. ატკატებს ითხოვდა.

ოქუაშვილი ასევე ყვება, რომ მას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის ოთხი მილიონის გადახდა მოსთხოვა. მისივე თქმით, მან ეს თანხა ოფშორში გახსნილ კომპანიაზე ჩარიცხა და ხელზე მისი გამოტანა „თიბისი ბანკიდან“  საბანკო პროცედურების დარღვევით მოხდა.

ოქუაშვილის განცხადებით, თანხის გამოტანაში ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მონაწილეობდა. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას სთხოვდა, მიეცა ოთხი მილიონი, ასევე თანხა ჩაერიცხა „ქართული ოცნების“ ფონდში, მას ასევე აიძულებდნენ, დაეფინანსებინა „პატრიოტთა ალიანსი“.

ამასთან, „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ჩამოვა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე და ღიად აფიქსირებს, რომ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.