ომბუდსმენმა პარლამენტს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოსიპოვას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გაბედული და პრინციპული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია აქვს.

ომბუდსმენის განცხადებით, ოსიპოვას კანდიდატურა არ ყოფილა მხარდაჭერილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ და შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არაპარტიული მხარდაჭერისა და მრავალეთნიკური სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატის დასახელება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეროვნული უმცირესობების ჩართულობის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღების პროცესში.