თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები ომბუდსმენის წარმომადგენლებმა გვიან ღამითვე მოინახულეს. ასევე იმყოფებოდნენ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც შშმ პირთა უფლებების დამცველი, გია ჯვარშეიშვილი იყო გადაყვანილი. განცხადებაში ვკითხულობთ: „სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცველებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.“- აღნიშნულია განცხადებაში.