სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული ცხრა პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. განცხადებაში ვკითხულობთ: „სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას და განმარტა, რომ მართალია, მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის.“- აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თემქის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ გამოძიება საპროტესტო აქციაზე სახის დაფარვას ედავება, რაც კანონით უკვე დასჯადია.