ოლივერ ვარჰეის ვიზიტი - ევროკომისრის გზავნილები

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რეზონანსული აღმოჩნდა გზავნილები, რომლებიც ევროკომისიის მაღალჩინოსანმა საქართველოში ჩამოიტანა.

ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ვიზიტის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. ოლივერ ვარჰეიმ დღეს ხელისუფლებას და მთელ ოპოზიციას უთხრა, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ეროვნული კონსენსუსი და ერთად მუშაობაა საჭირო. ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების განსაკუთრებული უკმაყოფილება მაღალი რანგის სტუმრის გამოსვლის იმ ნაწილს მოჰყვა, სადაც ვარჰეიმ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მთავრობის ძალისხმევა აღნიშნა და სასამართლო და ანტიკორუფციული მიმართულებებით პოზიტიურ ძვრაზე მიანიშნა. მნიშვნელოვანია ის აქცენტებიც, რომლებიც ვარჰეიმ ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის ფონზე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების კონტექსტში დასვა. ენერგომომარაგების მიზნით ევროკავშირს საქართველოსთან პარტნიორობა სურს – ასეთი იყო გზავნილი.