ბათუმში ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართა.
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც 1948 წლიდან აღინიშნება. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციულად ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები იმართება. ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. დღევანდელი ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს სპორტის სამინისტროს და სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით იმართება.