პარიზი, რომელიც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება – ცეცხლი აინთო, ოლიმპიური თამაშები დაწყებულია. ასპარეზობაში დღეს უკვე ჩაერთნენ ქართველი სპორტსმენები. სულ ოთხი ოლიმპიელი გამოვიდა, მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ესპანელ მეტოქესთან დამარცხდა. სარდალაშვილისთვის ეს ოლიმპიურ თამაშებზე სადებიუტო გამოსვლა იყო. საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს კიდევ სამმა ქართველმა იასპარეზა.
15 წლის მოცურავე, ანა ნიჟარაძე თამაშებს გამოეთიშა, ასევე ტურნირი უმედლოდ დაასრულა ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ. დაძაბული გამოდგა მოფარიკავე სანდრო ბაზაძის გამოსვლა მერვედფინალურ ეტაპზე. ქართველმა სპორტსმენმა მსაჯთა გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია. სპორტსმენის ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაცია, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ განცხადებაც გამოაქვეყნა. ტექსტში წერია, რომ ქართულმა მხარემ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილი გაუგზავნა.
ხვალ საქართველოს ნაკრების სახელით ტურნირზე მედლისთვის სამი ქართველი იასპარეზებს.