ოკუპირებული რეგიონები – დაპირისპირების მორიგი მიზეზი ოპოზიციაში
პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საომარ რიტორიკას აგრძელებს და ოკუპირებული აფხაზეთის ძალისმიერი მეთოდით დაბრუნებაზე საუბრობს. წერილით, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ყოფილ თანაგუნდელს, ნიკა გვარამიას უპასუხა და მისი განცხადებები მწვავედ გააკრიტიკა. „ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე, მე ვაპირებ ბაბუაჩემ დომენტი ალასანიას სახლის დაბრუნებას ეშერაში და ჩვენი სახლის მიმტაცებლების იქიდან გაყრას. გვარამიამ თქვა, რომ აფხაზეთის ტრავმისგან უნდა გავთავისუფლდეთ, როგორც ფაშინიანი გათავისუფლდა ყარაბაღის ტრავმისგან. ფაშინიანი როგორც გათავისუფლდა ყველამ ვიცით – ტრავმასთან ერთად ტერიტორიისგანაც გათავისუფლდა, ასე რომ, ჩემო ნიკა, ყველამ ყველაფერი გაიგო და სამართლიანად აღშფოთდა” – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში გამწვავდა, ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი მიზეზი, ნიკა გვარამიას გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც ის აცხადებდა რომ ფაშინიანით არის აღფრთოვანებული, რომელმაც ტრავმები დაამარცხა და ყარაბაღი ჩააბარა.