ოკუპირებული რეგიონები – დაპირისპირების მორიგი მიზეზი ოპოზიციაში
პასუხის პასუხი – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას მწვავედ პასუხობს და ღიად აფასებს პოპულიზმად და ცარიელ რიტორიკად. ქოცური და ნაცური რიტორიკა, პირველი არის მოღალატეობრივი პოზიცია, მეორე კი – ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაში, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და არა აფხაზეთის რეალურად დასაბრუნებლად – წერს გვარამია სოციალურ ქსელში და ამ განცხადებით პასუხობს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ძალისმიერი მეთოდით დაბრუნებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა, თავისი მხრივ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც გვარამია მწვავედ გააკრიტიკა ფაშინიანის გადაწყვეტილების მხარდაჭერისა და ყარაბაღის მაგალითის აფხაზეთთან შედარების გამო. „ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე, მე ვაპირებ ბაბუაჩემ დომენტი ალასანიას სახლის დაბრუნებას ეშერაში და ჩვენი სახლის მიმტაცებლების იქიდან გაყრას. გვარამიამ თქვა, რომ აფხაზეთის ტრავმისგან უნდა გავთავისუფლდეთ, როგორც ფაშინიანი გათავისუფლდა ყარაბაღის ტრავმისგან. ფაშინიანი, როგორც გათავისუფლდა ყველამ ვიცით – ტრავმასთან ერთად ტერიტორიისგანაც გათავისუფლდა, ასე რომ, ჩემო ნიკა, ყველამ ყველაფერი გაიგო და სამართლიანად აღშფოთდა“ – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.