ოკუპირებული ცხინვალის მიმართვა მოსკოვს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა მიმართვა მიიღეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ სოფელ წნელისთან ბლოკპოსტის დადგმის გამო. რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში, დაძაბული ვითარების მშვიდობიანი განმუხტვის მცდელობები „ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“ წარუმატებელია.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ „აღნიშნული გარემოებები აიძულებს სამხრეთ ოსეთის პარლამენტს, მიმართოს თხოვნით რუსეთის ფედერაციის საბჭოს, სახელმწიფო დუმას და რუსეთის ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვა“.

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებულ მიმართვას საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. ლაშა დარსალიას განცხადებით, ეს პროცესები ცალსახად მიმართულია ვითარების შემდგომი დაძაბვისკენ და არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.