ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადება

გაფრთხილების და მუქარისშემცველი გზავნილი ცხინვალიდან.

არაღიარებული რეჟიმი ოფიციალურ თბილისს ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მზადებაში ადანაშაულებს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადება საკმაოდ მწვავეა და მასში გამოყენებულია ფრაზები: „ქართველი პროვოკატორები“, „რევანშისტული მისწრაფებები“. დე-ფაქტო ხელისუფლება ისევ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობითაა გაღიზიანებული და ამ კონტექსტში შეიარაღებული კონფლიქტის მზარდ საფრთხეზე მიუთითებს. ცხინვალის არაღიარებული რეჟიმი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გადაადგილების უფლებას ყოველდღიურად უხეშად არღვევს, ამ ბრალდებას ახლა ოფიციალურ თბილისს უყენებს. სწორედ ჩორჩანას პოსტის გამო, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის შეხვედრების უკვე რამდენიმე რაუნდი ჩაშალა, ჩორჩანას მოსაზღვრე სოფელ წნელისთან კი უკანონო საგუშაგო განათავსა.