ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. არსებულ ინფორმაციას ადასტურებენ სუს-ში. უწყების ცნობით, მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი, ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს. მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არსებული ცნობებით, საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა. ჯაშუშობის ბრალდება 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ე.წ. პროკურატურის თანახმად, „საქართველოს მოქალაქე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდა, აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“ – ნათქვამია ე.წ. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.