ოკუპირებულ ახალგორში შესვლაზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნა

ჩაკეტილი გადასასვლელი ორი წლის და ექვსი თვის შემდეგ პირველად გაიხსნა.

სადღესასწაულო დღეებში ახალგორში შესვლაზე შეზღუდვები აღარ იმოქმედებს. დღეიდან ორშაბათის ჩათვლით ოკუპირებულ რაიონში შევა ყველა, ვისაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაცემული ე.წ. პასპორტები და ე.წ. საშვები აქვთ. ეს იქნება პირველი შემთხვევა 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა მოქალაქეები ხანგრძლივი შეზღუდვის შემდეგ ნათესავების მონახულებას და ახლობლების საფლავებზე გასვლას შეძლებენ. სწორედ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის და გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვის გამო ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ადგილობრივები კი იზოლაციაში მოექცნენ და რაიონის დატოვებას სამედიცინო სერვისების მისაღებადაც კი ვერ ახერხებდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდების მიუხედავად, დე-ფაქტო რეჟიმი ახალგორის გახსნაზე უარს აცხადებდა.